logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - პარლამენტში საპროტესტო აქცია იმართება

02 მარ 202315:18
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა იწყება. სხდომის დაწყებამდე მედიის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტში საპროტესტო აქცია გამართეს.

რუსულ კანონს აპროტესტებენ, როგორც პარლამენტის შესასვლელთან, ისე შენობაში, კომიტეტის დარბაზის შესასვლელთან. კომიტეტზე იწყება რუსული კანონის ორივე ვერსიის განხილვა და როგორც უკვე ცნობილია, საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით კანონპროექტს მიიღებენ, რის შემდეგაც მას ვენეციის კომისიაში გააგზავნიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროპას და ხელს შეუშლის სტატუსის მიღებას. მმართველი პარტიის დეპუტატებს დარბაზში შესასვლელად შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.

"ზუსტად ერთი წლის წინ ამ დარბაზში მმართველმა პარტიამ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და დღეს ერთი წლის თავზე ვხედავთ, რომ იგი ცდილობს გააუქმოს არასამთავრობო სექტორი და ცდილობს, გააუქმოს მედია და ხელი შეუშალოს მის მუშაობას ზუსტად ამ რუსული კანონით. იმიტომ მოვედი აქ, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მართლა გული შემტკივა იმაზე, რაც ხდება და მინდა ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

ლელოს წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ სხდომათა დარბაზი შეიცვალა და მიფი ვარაუდით, იმისათვის, რომ საზოგადოების მხრიდან დიდი ჩართულობა არ ყოფილიყო. 

სხდომათა დარბაზში არ უშვებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა დარბაზში იმყოფებიან ხალხის ძალის წარმომადგენლები და ქართული ოცნების მხარდამჭერი ექსპერტები. 


close დახურვა